+995(32)2 77 55 20 hotel@kopala.ge
  • ge
  • en


სასტუმრო კოპალა

მოგზაურობის, საქმიანი ვიზიტებისა და უბრალოდ უქმე დღეების გასატარებლად ჩვენ ყოველთვის მყუდრო, კომფორტულ, მშვიდ და სასიამოვნო გარემოს ვეძებთ. ვცდილობთ, შევარჩიოთ ადგილი, სადაც თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც სახლში. სწორედ, ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში- ავლაბარში- მდებარე სასტუმრო „კოპალა“.
ამ ლამაზი შენობის არქიტექტურული სტილი ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის კოლორიტულ ლანდშაფტს. შენობის თითქმის ნებისმიერი კუთხიდან, იქნება ეს რესტორნის ღია, უმშვენიერესი ტერასა თუ თქვენთვის განკუთვნილი ოთახის ფანჯარა, შეგიძლიათ დატკბეთ ძველი ქალაქის ისეთი უმთავრესი ღირშესანიშნაობების ცქერით, როგორიცაა ქრისტიანული, მუსულმანური თუ ებრაული ხუროთმოძღვრული ძეგლები, უძველესი უბნის საერო ნაგებობები. აქედან ხელის გულივით მოჩანს მეტეხის ხიდი, აბანოთუბანი და ქალაქის მთავარი ძარღვი- მდინარე მტკვარი. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, სადაც სასტუმრო „კოპალა“ მდებარეობს ძველად მეფეთა რეზიდენციის ადგილსამყოფელი გახლდათ.

„ძველი კოპალა“ 2002 წლიდან ფუნქციონირებს. ოთხვარსკვლავიან სასტუმროში 20 სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ოთახია. აქ მომსახურე თავაზიანი და პროფესიონალი პერსონალის წყალობით ნებისმიერი დამსვენებელი სასურველ სტუმრად იგრძნობს თავს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, იმავე ქუჩაზე ძველი კოპალას „სატელიტი“ - პატარა, 14 ნომრიანი სასტუმრო - „ბლუ კოპალა“ გაიხსნა. აქ ოთახები ძველებურ ყაიდაზეა მოწყობილი. „ბლუ კოპალა“ ტურისტებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ფასებს სთავაზობს.

სასტუმრო კოპალა ბლუ

„კოპალა ბლუ“ 2013 წელს გაიხსნა. ის „ძველი კოპალას“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და მთავარი შენობის ნაწილს წარმოადგენს. ეს პატარა, მყუდრო, ძველებურ ყაიდაზე მოწყობილი 14 ნომრიანი სასტუმრო ძირითადად ტურისტულ ჯგუფებს ემსახურება. თუმცა, აქ ერთეულ სტუმრებსაც სიამოვნებით მასპინძლობენ. ოთახები სრულად არის აღჭურვილი სრულფასოვანი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე საშუალებებით. სასტუმროში მშვიდი და სასიამოვნო გარემო სუფევს.

„კოპალა ბლუ“-ს განუყოფელი ნაწილია დედაქალაქში სასწაულებრივად შემორჩენილი ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - ძველი ქართული, ტრადიციული, ხალხური საცხოვრებელი სახლი ე.წ დარბაზი, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. დარბაზის ინტერიერის არქიტექტურა მხატვრულად დასრულებულ ხასიათს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებულ ნიმუშს წარმოადგენს.

აქ წარმოდგენილია ძველი ქართული ყოფისთვის დამახასიათებელი ინვენტარი. ამდენად დარბაზი მცირე ეთნოგრაფიულ მუზეუმად გვევლინება. დამთვალიერებელი აქვე ნახავს დღემდე მოქმედ ოცი მეტრის სიღრმის ჭას; ათი მეტრის სიღრმეზე მოწყობილ ოთახს, სადაც მუდმივი ბუნებრივი ტემპერატურის პირობებში სურსათ- სანოვაგეს ინახავდნენ. პირველ სართულზე განლაგებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვიას განკუთვნილი 80 კაციანი კამერული დარბაზი სცენით. თბილისური დარბაზი „კოპალას“ კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, ორგანულად ერწყმის მის ანსამბლს და თანამედროვე ქალაქში სიძველის არაჩვეულებრივ განცდას იწვევს.

სასტუმრო ახალი კოპალა

„ახალი კოპალა“ 2008 წელს გაიხსნა. ის თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - ავლაბარში მდებარეობს. სასტუმროში კლასიკური სტილის ოცდაათი კომფორტული და თანამედროვედ აღჭურვილი ნომერია.

„ახალი კოპალა“-ს სტუმრებს დილაობით ნოყიერი კომპლექსური საუზმით, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე უმასპინძლდებიან. ასეთი დილა კი სასიამოვნოდ გატარებული დღის დასაწყისია. სასტუმროს საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. აქედან ქალაქის ნებისმიერ წერტილში ადვილად მოხვდებით. მეტროს სადგური სასტუმროდან 17 კილომეტრით არის დაშორებული.

თავაზიანი და კეთილგანწყობილი პერსონალი დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით. ავლაბარი თბილისის ერთერთი ყველაზე კომფორტული უბანია. თუ თქვენ ეძებთ დასასვენებლად კომფორტულ, ხოლო გასართობად მხიარულ გარემოს ეწვიეთ „ახალ კოპალას“. ის ყოველთვის სიხარულით გიმასპინძლებთ!

სასტუმრო კოპალა რიყე

სასტუმრო „კოპალა რიყე“ 2013 წლის ნოემბერში გაიხსნა. ის „ძველი თბილისის“ ცენტრში მდებარეობს და გარშემორტყმულია უძველესი ციხესიმაგრეებით, მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრებით, მეჩეთით, სინაგოგათი და გოგირდის უძველესი აბანოებით. მას ხელსაყრელი მდებარეობა აქვს.
სურვილის შემთხვევაში სულ რამდენიმე წუთში მოხვდებით მოქალაქის მთავარ - „თავისუფლების“ მოედანზე. თუ თქვენ საქმიანი შეხვედრის გამართვა, ღირშესდანიშნაობების გაცნობა ,ლამაზი ქალაქის დათვალიერება, ან უბრალოდ დასვენება განიზრახეთ, ამისთვის „კოპალა რიყე“ საუკეთესო ადგილია.

აქ თქვენს განკარგულებაში იქნება თანამედროვედ აღჭურვილი 34 ოთახი, კეთილგანწყობილი პერსონალი და სასიამოვნო ატმოსფერო. აქვე შემოგთავაზებენ ქართული და ინტერნაციონალური სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს. საქმიან სტუმრებს კი შეხვედრების გასამართად მაღალი სტანდარტებით მოწყობილ საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლებენ.

სასტუმრო კოპალა წყნეთში

2009 წლის მარტში თბილისს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დასასვენებელი და გასართობი ცენტრი „კოპალა წყნეთი“ შეემატა. კომპლექსი ქალაქიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს . ის უკვე მერვე წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. კომპლექსში განთავსებულია სამოცდაცხრა ნომრიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო. თბილისში არსებულ ამ კლასის სასტუმროთა შორის, წყნეთის კომპლექსში ფასები საგრძნობლად დაბალი, მომსახურება კი უმაღლეს დონეზეა.

წყნეთის კოპალაში სტუმრობა არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის, ვინც ცდილობს გაერიდოს ხმაურიანი ქალაქის დამღლელ რიტმს და ჯანსაღ გარემოში დაისვენოს.

სასტუმროს ნომრები თანამედროვე მოთხოვნის მიხედვით არის აღჭურვილი. აქ განუწყვეტლივ შეძლებთ უსადენო ინტერნეტით სარგებლობას. თქვენთვის კომფორტის შექმნაზე თავაზიანი, კეთილგანწყობილი და მუდამ მომღიმარი პერსონალი იზრუნებს.

კომპლექსში არსებული გასართობი ცენტრი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ არის ბოულინგ-ცენტრი, ბილიარდის სალონი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, სათამაშო აპარატები , მინი კინოთეატრი და სადღესასწაულო ცენტრი. ყველაფერი ეს პატარებსაც და უფროსებსაც ერთნაირი წარმატებით იზიდავს. აქვეა განთავსებული ორი - მცირე და დიდი - საკონფერენციო დარბაზი. პირველი 40 სტუმარზე, მეორე კი 100 სტუმარზეა გათვლილი, ორივე დარბაზი თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, აღჭურვილია სინქრონული თარგმანის აპარატურით,პროექტორითა და ეკრანით. აქ სხვადასხვა უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები დაკომპანიები ხშირად აწყობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვბნელობის კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული რესტორნის დიდ დარბაზში შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილები, დაბადების დღეები, კორპორატიული საღამოები, ბიზნეს ლანჩები და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. აქ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაგიწევენ, რაც მთავარია, დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს. ერთი სიტყვით, ესტუმრეთ წყნეთში მდებარე უნიკალურ კომპლექსს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად. იმუშავეთ ნაყოფიერად და საუკეთესოდაც დაისვენეთ!

დახმარება მჭირდება?

დაგვირეკეთ +995 (32) 277 55 20
ან მოგვწეროთ hotel@kopala.ge

გვჭირდება ოთახი?

საკრედიტო ბარათი საჭიროა

All rights reserved 2017 © Kopala Hotel